თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე 4 წლის ვადით რექტორად მეორე ვადით აირჩია. არჩევნები, რომელშიც შარვაშიძესთან ერთად კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა, დღეს გაიმართა.
რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციები წარუდგინეს, რომლებიც წერილობითი სახით თსუ-ის ვებგვერდზეც იყო განთავსებული.
როგორი კონცეფცია აქვს გიორგი შარვაშიძეს, რომელიც 2024 წლამდე უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი? „პუბლიკა“ მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:
გიორგი შარვაშიძე თავის კონცეფციას იმ გამოწვევებზე საუბრით იწყებს, რომელიც, მისი შეფასებით, უნივერსიტეტში მოსვლისას დახვდა. მისი თქმით, მრავალმა პრობლემამ იჩინა თავი აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროებში, მართვასა და ადმინისტრაციაში. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ კი, მისი აზრით, აუცილებელი იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორისაა: აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიის უზრუნველყოფა, სტუდენტური სერვისების გაუმჯობესება, სტუდენტური სივრცეების კეთილმოწყობა და სტუდენტების გარკვეულ ჯგუფებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირების აღმოფხვრა.
რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, გიორგი შარვაშიძე 5 ძირითად მიმართულებას გამოყოფს:
- უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირება;
- სწავლა, სწავლება და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება;
- კვლევა და ინოვაცია: საერთაშორისო კოლაბორაცია და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება;
- საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილი;
- ინსტიტუციური განვითარება (სტუდენტური სერვისები, ადამიანური და მატერიალური სერვისების განვითარება);
გთავაზობთ, მოკლედ, ამ 5 მიმართულებით შარვაშიძის თვალთახედვასა და კონცეფციას:
1. უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირება
შარვაშიძის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისი რექტორობის პერიოდში მნიშვნელოვნად წაიწია საერთაშორისო რანჟირების სკალებში.
განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალში შარვაძიძე ასევე აღნიშანვს იმასაც, რომ უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას ხელი შეუწყო თსუ-ის 100 წლის იუბილემ, რომლის გამოც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრების მონაწილეობით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
საერთაშორისო სივრცეში თსუ-ის ხილვადობის გაზრდა და პოზიციების განმტკიცებაა მთავარი გამოწვევა, რასაც შარვაშიძე ამ მიმართულებით ასახელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამომავლო ამოცანაა, მომდევნო 10 წელიწადში თსუ-მ ადგილი დაიმკვიდროს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის და ამ მიზნით 2020-2024 წლებში დაგეგმილი აქტივობების შედეგად Times High Education-ის რანჟირებაში, სულ მცირე, 200 საფეხურით გაიუმჯობესოს თავისი პოზიცია“, – წერს შარვაშიძე.
2. სწავლა, სწავლება და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება
შარვაშიძის აზრით, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის მომდევნო წლების გამოწვევებია სასწავლო მასალების მუდმივი განახლება, პროგრამების დაახლოება შრომის ბაზართან და შეფასების მეთოდების მოდიფიცირება.
თავის კონცეფციაში გიორგი შარვაშიძე წერს, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია გაციფრულებული წიგნების რაოდენობის ზრდა, სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობა, სადოქტორო სკოლის შექმნა, ონლაინსწავლების გაუმჯობესება, უცხოენოვანი და შრომის ბაზარზე უფრო მორგებული პროგრამები. ასევე, ეროვნული გამოცდების ცვლილების საკითხის წამოწევა, რადგან აბიტურიენტები საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარებაზე უარს ამბობენ, რაც სამომავლოდ ამ დარგებს პრობლემას შეუქმნის.
3. კვლევა და ინოვაცია: საერთაშორისო კოლაბორაცია და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება
გიორგი შარვაშიძე წერს, რომ ბოლო წლებში თსუ არაერთ სამეცნიერო პროექტში ჩაერთო და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო პუბლიკაციებში გამოქვეყნდა ბევრი სამეცნიერო ნაშრომი.
ამ მიმართულებისთვის გამოწვევად კი თანამედროვე კვლევითი პროექტებისთვის წახალისების მექანიზმის არარსებობას და პოსდოქტორანტურის ინსტიტუტის ამოქმედებას მიიჩნევს.
სამომავლოდ კვლევების განვითარებისთვის გიორგი შარვაშიძე თავის კონცეფციაში პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის განვითარებას გეგმავს, რათა მოიზიდოს ახალგაზრდა მეცნიერები. ასევე, სურს აფილირების პაკეტები შესთავაზოს უცხოეთში მომუშავე ახალგაზრდა წარმატებულ მეცნიერებს.
„იგეგმება ე.წ. Excellence Cluster-ების შექმნა, რომელიც თვალსაჩინო მეცნიერებს გააერთიანებენ რეგონის მასშტაბით“, – წერს შარვაშიძე.
ამის გარდა, შარვაშიძის მიხედვით, იგეგმება ბიომედიცინისა და ანტენებისა და მიკროტალღების ლაბორატორიების გახსნა.
4. საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილი
რექტორის აზრით, უნივერსიტეტმა არამხოლოდ თავისი კვლევებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, არამედ საზოგადოებაზეც უნდა იზრუნოს.
„უდავოა, რომ უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ კვლევასა და სწავლებას, არამედ საზოგადოებრივი სიკეთეებისა და ღირებულებების შექმნას. გასული 4 წელი ამ თვალსაზრისითაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო“, – წერს შარვაშიძე.
ამ კუთხით, შარვაშიძე გეგმავს, რომ თსუ-ის მუზეუმი საზოგადოებისთვის გახსნას. „ჩვენი მიზანია, გაიხსნას ეს უნიკალური კოლექცია საზოგადოებისთვის. ასევე, გაციფრულდეს კოლექციები და ამ თავლსაზრისითაც თსუ კულტურის ცენტრად წარმოჩინდეს”, – წერს შარვაშიძე კონცეფციაში.
ამ მიმართულებით ის ასევე აპირებს გააგრძელოს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის ცვლილებაზე და მხარი დაუჭიროს განათლების ინტერნაციონალიზაციას.
5. ინსტიტუციური განვითარება (სტუდენტური სერვისები, ადამიანური და მატერიალური სერვისების განვითარება)
„ბოლო წლების განმავლობაში სტუდენტთა მომსახურების ელექტრონული პორტალი მუდმივად იცვლება და იხვეწება. Sms.tsu.ge შეიცვალა Ims.tsu.ge-ით, რომელიც მრავალი ინდიკატორით გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს“, – წერს გიორგი შარვაშიძე.
გიორგი შარვაშიძის მიხედვით, 2020-204 წლების გამოწვევა იქნება LMS სისტემის გამართვა, საგამოცდო ცენტრის მოდერნიზება და სტუდენტზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა.
„Ims.tsu.ge შეიცვლება უფრო მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმით. გაიზრდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა. აშენდება 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი და სტუდენტური კომპლექსი მაღლივი კორპუსის მიმდებარედ“, – წერს შარვაშიძე.
მეორე ვადით არჩეული რექტორის თვალსაზრისით, მომდევნო წლებში უნდა გაგრძელდეს თსუ-ის ბიბლიოთეკის გაციფრულება და ტექნოლოგიურად უნდა განახლდეს საგამოცდო ცენტრი.
ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ასევე, დაინერგება კვლევა-უკუკავშირის სისტემა, რაც, შარვაშიძის თქმით, კარგი საშუალებაა, თანამშრომელთა განწყობების, იდეებისა და მოსაზრებების შესწავლისთვის.
კონცეფციის მიხედვით, შარვაშიძე 2024 წლის ჩათვლით გეგმავს ყველა ძირითადი საწავლო და კვლევითი სივრცის რეაბილიტაციასაც.
დაბოლოს, იგეგმება „ხელისუფლებისათვის მასშტაბური პროექტის შეთავაზება, რომელიც ღვაწლმოსილ პროფესორთა დაფასებასა და სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს“, – წერს შარვაშიძე.
შარვაშიძის კონფენციას სრულად გაეცანით ბმულზე;