თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს მივმართე აკადემიურ საბჭოს, რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები“,- წერს შარვაშიძე.
შარვაშიძე პოსტში წერს, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში „ბევრი რამ გაკეთდა“:
„ჩვენ შევძელით და დღეს თსუ-ს აქვს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (AUA) ინსტიტუციური შეფასება; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და შედეგად თსუ რეგიონში კვლავ ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. 50%-ით გავზარდეთ უნივერსიტეტის დაფინანსებაც მაშინ, როცა არ შეცვლილა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი; პირველად ჩვენს რეგიონში სწორედ, საქართველოში და კონკრეტულად თსუ-ში გაიხსნა ევროპის აკადემიის (AE) და EPLO-ს რეგიონული ცენტრები; საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ევროპაში და 24-ე მსოფლიოში, რომელსაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სრული წარმომადგენლობა აქვს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5 %-ში შედის და არაერთ პროგრამას აქვს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET, FIBAA); მზარდია უცხოენოვანი, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამების რაოდენობა; შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; შთამბეჭდავია ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, დაწყებული მეორე კორპუსის აღდგენით, დამთავრებული უამრავი სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტის პროფესურას, ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. ჩვენ სწორედ ერთად მოვახერხეთ ამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი.“
გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით იყო არჩეული.
2016-2020 წლებში – პირველი ვადა, 2020 წლიდან დღემდე კი მეორე ვადით.