თსუ-ის რექტორის არჩევნები | შემაჯამებელი ოქმი სადავო გახდა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 4 აგვისტოს გაიმართა. საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე 11 წევრიდან ხელს არ აწერს კომისიის ერთი წევრი – რევაზ აფხაზავა. თსუ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რექტორის არჩევნების ჩატარების პროცედურაში კი ვკითხულობთ, რომ შემაჯამებელ ოქმში „შეიტანება“ „კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა“.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ რექტორის არჩევნები პროცედურების დარღვევით გაიმართა და სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ყველა წევრის ხელმოწერის ნაცვლად, ერთით ნაკლები ხელმოწერაა. დოლიძემ ოქმი უნივერსიტეტში გაასაჩივრა და მისივე თქმით, „პროგრესის ცენტრთან” ერთად გეგმავს საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებასაც.

„პუბლიკამ“ კომისიის ერთ-ერთ წევრს, დავით მახვილაძეს ჰკითხა – არჩევნების ჩატარების პროცედურებში გარკვევით წერია, რომ შემაჯამებელ ოქმს ხელს უნდა აწერდეს კომისიის ყველა წევრი. ვინაიდან, შემაჯამებელ ოქმში ასე არაა, იწვევს თუ არა ეს გარემოება ოქმის ბათილობას? ხოლო თუ არ იწვევს, სთხოვა, დაესაბუთებინა ეს კონკრეტულ რეგულაციაზე მითითებით.

დავით მახვილაძემ გვიპასუხა, რომ კომისია 11 წევრისგან შედგებოდა; უშუალოდ კენჭისყრის დღეს კი კომისიის ერთ-ერთი წევრი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ იმყოფებოდა უნივერსიტეტში და ამიტომ კენჭისყრის პროცედურის ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„შესაბამისად, არ მიუღია და ვერც მიიღებდა მონაწილეობას შემაჯამებელი ოქმის შედგენაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის  ყველა ის წევრი, რომელიც კენჭისყრის დღეს მონაწილეობდა საარჩევნო პროცედურის ორგანიზებასა და განხორციელებაში. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 4 აგვისტოს არჩევნების ჩატარების პროცედურასთან“, რადგანაც პროცედურის მე-4 მუხლის, მე-6 პუნქტის და ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,  ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შედის კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. კომისიის ყველა, ათივე, წევრი, რომელიც 2020 წლის 4 აგვისტოს  მონაწილეობდა საარჩევნო პროცედურის ორგანიზებასა და განხორციელებაში, მონაწილეობდა ხმების დათვლაში (როგორც ეს განსაზღვრულია ზემოთ მოცემული ნორმით), შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდგომ სრული შემადგენლობით აწერს ხელს შემაჯამებელ ოქმს“, – აცხადებს დავით მახვილაძე.