თსუ-ის რექტორის მოადგილე: ამ ტიპის კანონს ჩრდილოელი მტრის წინააღმდეგ რომ ვიღებდეთ, გასაგები იქნებოდა...

პუბლიკა

თსუ-ის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გასაგები იქნებოდა ამგვარ კანონს ჩრდილოელი მტრის წინააღმდეგ რომ ვიღებდეთ.

„მკითხეს და ღიად გპასუხობთ…

დიახ, ამერიკას აქვს იმგვარი კანონი, რომელიც ქვეყანას მტრისგან, კერძოდ, ნაცისტური (რაც აქტუალური აღარაა) და კომუნისტური იდეოლოგიების („სამართალმემკვიდრე“: რუსეთი და ჩინეთი) გავლენებისგან იცავს.

დიახ, აშშ-ს ასევე აქვს ე.წ. პატრიოტის აქტი, რაც ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს და ამით მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა…“ – წერს ოკრიბელაშვილი.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ.  კანონპროექტები რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონის ანალოგია და მისი მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაა.

კანონი „აგენტის” იარლიყს აკრავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უშვებს აუდიტის მიერ ორგანიზაციებში შენახული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და ასევე „ანონიმური” წერილების საფუძველზე ინსპექტირების დაწყების შესაძლებლობას.

ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევროატლანტიკური განვითარების ვექტორს.