თსუ-ის რექტორობის კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ, ბოიკოტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ, დღეს ZOOM-ის აპლიკაციით აკადემიურ საბჭოსთან გამართული გასაუბრების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

„ვითომ არ ესმოდათ ჩემი ხმა. არადა, სულ ორი წუთი მჭირდებოდა. კანდიდატურას რომ ვხსნი ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი, მე ბოიკოტს ვუცხადებ მთლიანად ამ პროცესს, როგორც პოლიტიკურ პროცესს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატა ასათიანი ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზი თავად გიორგი ბარამიძის გამო შეიქმნა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კი მას ადგილზე მისვლა და გასაუბრების ხელახლა ჩატარება შესთავაზა, რაზეც რექტორობის კანდიდატმა უარი თქვა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა კანდიდატს მონაწილეობის თანაბარი პირობები ჰქონოდათ. ერთ-ერთმა კანდიდატმა, სამწუხაროდ, ZOOM-ის გამოყენებისას მიკროფონი ვერ ჩართო. დასანანია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში აკადემიური ცხოვრება ZOOM-ის მეშვეობით მიმდინარეობდა, მან ეს ვერ მოახერხა, რატომღაც, არჩევნების დღეს.

ამის შემდეგ კანდიდატს ადმინისტრაციამ შესთავაზა, მოსულიყო ადგილზე. ჩვენ მას მოვუწყობდით სივრცეს, სადაც არ იქნებოდა ტექნიკური ხარვეზი და მაინც შეძლებდა გასაუბრების გავლას, რაც მან არ ისურვა“, – თქვა ნატა ასათიანმა.

თსუ-ის რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში დღეს მიმდინარეობს. მასში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე და მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე.