თსუ-ის სენატი მოუწოდებს განათლების სამინისტროს, შეწყდეს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესი

პუბლიკა

39- 1-ის წინააღმდეგ – თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო მიიჩნევს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ამის შესახებ სენატის 4 თებერვლის ოქმში წერია.

სენატი მოითხოვს პროცესის აკადემიურ სივრცეში დაბრუნებას, საკითხის შესწავლისას უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობასა და ავტონომიურობის პრინციპის პატივისცემით გადაწყვეტილების მიღებას.

„სამწუხაროდ, დღემდე არცერთ ინსტიტუციას არ მიუღია კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ.

სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ საფუძველს. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ავტონომია უზრუნველყოფს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას მმართველობის პროცესებში. გაერთიანების საკითხი, გამჭვირვალობის, შესაბამისი აკადემიური თანამონაწილეობის, შიდა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების მართვის ორგანოების რეალური ჩართულობის გარეშე, ქმნის რისკს ავტონომიის შეზღუდვის და ეწინააღმდეგება ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებულ მმართველობით სტანდარტებს.

გარდა ამისა, სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორიცაა: მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა.

გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვლად გამოიწვეს როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაოადგილების შემცირებას“- ვკითხულობთ თსუ-ის სენატის 4 თებერვლის სხდომის ოქმში.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი გახდება.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა  გადაწყვეტილებამ პროტესტი გამოიწვია როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ლექტორები და სტუდენტები რამდენიმე დღეა, აპროტესტებენ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით „ოცნების“ მიღებულ გადაწყვეტილებას და მოითხოვენ, შეჩერდეს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესი.

ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიის შემლახველი პრაქტიკა და მოუწოდებენ განათლების სამინისტროს, დაიწყოს ფართო, ღია და ინკლუზიური დისკუსია განათლების სისტემაში დაანონსებულ ე.წ. „რეფორმასთან“ დაკავშირებით აკადემიური პერსონალის, მოწვეული ლექტორებისა და სტუდენტების სრულფასოვანი მონაწილეობით.