თსუ-ის სტუდენტები 2 მაისიდან სწავლის ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელების მოთხოვნით აქციას გამართავენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ეს არის მშვიდობიანი აქცია, სადაც თსუ-ის სტუდენტები 2 მაისიდან სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას გააპროტესტებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო სემესტრის ბოლომდე, მხოლოდ 2 თვით თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა და ბინის ქირაობა სტუდენტთა ნაწილისთვის პრობლემურია, ამიტომ ისინი ითხოვენ მიმდინარე სემესტრში სწავლა კვლავ ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდეს, სექტემბრიდან კი განახლდეს სრულად სააუდიტორიო სწავლება.
„უამრავი პეტიციის, ლექტორებთან, დეკანებთან და რექტორთან დამამცირებელი შეხვედრების შემდეგ, სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, გავმართოთ საპროტესტო აქცია შაბათს, 16აპრილს, 17:00სთ-ზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან, რათა თავისუფლად დავაფიქსიროთ ჩვენი და ჩვენი თანაუნივერსიტეტელების აზრი. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სწავლა გაგრძელდეს ჰიბრიდული მეთოდით და სექტემბრიდან დავუბრუნდეთ სრულად აუდიტორიულ სწავლების მეთოდს. მივმართავ თსუ-ს სტუდენტებს, ვინც იმყოფება თბილისში, გთხოვთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და გავერთიანდეთ. ამ მომენტში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, 24 000 სტუდენტიდან 9 600 რეგიონიდანაა. 4 300 სტუდენტი აქტიურადაა ჩართული ამ წამოწყებაში. პეტიციაზე კი 5 000 ხელმომწერმა გამოხატა მხარდაჭერა. სტუდენტებმა აღნიშნული მოთხოვნით განცხადება განათლების სამინისტროშიც შეიტანეს, აპირებენ მიმართონ პრემიერ-მინისტრსაც.