თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპირებენ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის პირველი კორპუსში ღამე გაათენონ და იქ დარჩნენ, იქამდე, სანამ საჭირო იქნება. მათი თქმით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება სანამ თანამებრძოლებს თავისუფლებას არ მოუპოვებენ და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ დაბრუნდება.
სტუდენტები ამბობენ, რომ ახალა, როცა მათთვის ყველაზე ძვირფასს – ქვეყანას ართმევენ, მიუღებელია აუდიტორიებში ყოფნა და ქულებზე ნერვიულობა.
„ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ ვიდექით რუსთაველზე და იქიდან ვიძახდით ჩვენ სათქმელს, ახლა ჩვენ ვიქნებით ჩვენ სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში და აქ დავრჩებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება“ – აცხადებენ თსუ-ს სტუდენტები.
მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოუწოდებენ, გააკეთონ იგივე.
„დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ის პირველ კორპუსში რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებსა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ზუსტად ამ უნივერსიტეტის ფუძემდებლის, ივანე ჯავახიშვილის სიტყვებია: „შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი გვერდზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!“ – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს მოუწოდებენ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია შექმნილ ვითარებაზე და გვერდით დაუდგნენ სტუდენტებს.