თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს შეხვედრა შესთავაზა. სტუდენტების განცხადებით, მასთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, მედიის თანდასწრებით გაიმართება.
„ჯაბა სამუშიას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე; ისტორიულ კორპუსში საპოლიციო ძალების განლაგებასა და მათთვის კომფორტის შექმნაზე; უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს უნდა უპასუხოს. რექტორთან შეხვედრას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით გაიმართება და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება“, – აცხადებს თსუ-ის სტუდენტების ნაწილი.
19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.
დაარტყეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.
პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი დაახლოებით დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.
ჯამში, შსს-მ 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.