თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა განათლების მინისტრს შეხვედრას სთავაზობს

პუბლიკა

თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, რექტორმა, გია შარვაშიძემ ვერ დააკმაყოფილა სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის ვერც ერთი პირობა, ამიტომ ისინი მინისტრს დიალოგის ფორმატს სთავაზობენ.

„დღესდღეობით მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ არის ერთადერთი სტუდენტური ძალა, რომელიც აყენებს სტუდენტების სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს დღის წესრიგში.

შესაბამისად, მიუხედავად უსამართლო ბრალდებებისა და სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისა, მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ არ შეწყვეტს პროტესტს, სანამ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება გაზიარებული და რეალური ცვლილებებისკენ არ იქნება ნაბიჯები გადადგმული!

ვინაიდან გია შარვაშიძემ ვერ დააკმაყოფილა სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის ვერცერთი პირობა, ვინაიდან გია შარვაშიძე უარს ამბობს სტუდენტებთან დიალოგზე, მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს დიალოგისა და ჩვენი მოთხოვნების გაზიარებისაკენ.

დიალოგი უნდა შედგეს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველი კოპრუსის 109-ე აუდიტორიაში. სტუნდეტები 109-ე აუდიტორიაში დარჩებიან იქამდე, სანამ უნივერსიტეტში არ ვიხილავთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომელიც სტუდენტებთან ერთად განიხილავს საერთო საცხოვრებლის მშენებლობასა და სრული საბიუჯეტო აუდიტის საკითხებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.


როგორც „პუბლიკას” თსუ-ის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 10 ივნისს უნივერსიტეტში მომხდარ ძალისმიერ მოვლენებთან დაკავშირებით სტუდენტების მოქმედებებზე ფაკულტეტების საბჭო იმსჯელებს.