თსუ-მ სტუდენტების მიერ კანცელარიის დატოვების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტების მიერ კანცელარიის დატოვებაზე პეტიცია შექმნა  და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ინფორმაცია, რომ პეტიცია უნივერსიტეტმა შეადგინა, „პუბლიკას” თსუ-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უნივერსიტეტისგან პეტიციის ლინკი SMS-ის სახითაც იგზავნება.

პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ კანცელარიის ოთახი სტუდენტებმა უნდა დატოვონ და უნდა „იყვნენ კონსტრუქციულები”.

პეტიციის ტექსტში წერია, რომ კანცელარიის ოთახის ბლოკირება ხელს უშლის უნივერსიტეტის მუშაობას.

ტექსტში საუბარია იმაზე, რომ აკაკი ჩიქობავას უნივერსიტეტმა გამოუცხადა სოლიდარობა, რექტორმა სამუშიამ თავდებობის შუამავლობით მიმართა შესაბამის უწყებას და თსუ აგრძელებს „კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში ყველა შესაძლო რესურსით საკუთარი ლექტორის თანადგომას”.

პეტიციის ტექსტი სრულად:

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დღის წინ სტუდენტების ჯგუფმა დაიკავა უნივერსიტეტის კანცელარია. ისინი ითხოვდნენ, რომ უნივერსიტეტს გამოეხატა პოზიცია თსუ მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხთან დაკავშირებით.
სტუდენტების ჯგუფმა ისე დაიკავა კანცელარია, რომ უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებთან და პროფესორებთან დიალოგის მცდელობაც არ ჰქონია.
თსუ აკადემიურმა საბჭომ, სენატმა და პროფესორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხთან დაკავშირებით. მეტიც, თსუ რექტორმა,  ჯაბა სამუშიამ,  თავდებობის შუამავლობით მიმართა შესაბამის უწყებას. გარდა ამისა, შუამდგომლობის შესახებ თსუ რამდენიმე პროფესორმა სასამართლო პროცესზევე განაცხადა.
კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში თსუ კვლავ აგრძელებს ყველა შესაძლო რესურსით საკუთარი ლექტორის თანადგომას.
მიუხედავად ამისა, სტუდენტთა ჯგუფის მიერ კვლავ ბლოკირებულია უნივერსიტეტის კანცელარია, რაც ხელს უშლის უნივერსიტეტის მუშაობას, ფერხდება საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადება, სტუდენტთა მომსახურება და, მთლიანად, საუნივერსიტეტო ცხოვრება.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კანცელარიაში შეჭრილ როგორც თსუ-ის, ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, იყვნენ კონსტრუქციულები, დატოვონ კანცელარიის ოთახი, რათა აღდგეს საუნივერსიტეტო საქმიანობა და ხელი შეეწყოს პრობლემის  გადაჭრას”, – ვკითხულობთ ტექსტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კანცელარიის ოთახის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, ისინი რჩებიან ტერიტორიაზე, სანამ მათი მოთხოვნა – გათავისუფლდეს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული თსუ-ის ლექტორი აკაკი ჩიქობავა და ილიაუნის დოქტორანტი გიორგი ხასაია – არ შესრულდება.

სტუდენტების მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა, მათდამი სოლიდარობის ნიშნად, გამოაცხადოს გაფიცვა. მათ მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის პოზიცია ჩიქობავას თავდებში დადგომაზე არასაკმარისია და საჭიროა, რომ უნივერსიტეტმა მხარდაჭერა გაფიცვის ფორმითაც დააფიქსიროს.