თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა.
თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ.
სტუდენტის თქმით, მათ უკან დგას ათასზე მეტი სტუდენტი, რომელსაც ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდა.
სტუდენტმა მოუწოდა ლექტორებსაც, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ მათთან ერთად რუსთაველზე.
ასევე, მოუწოდეს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შეუერთდნენ მათ წამოწყებას და შეწყვიტონ აკადემიური პროცესი თავიანთ უნივერსიტეტებში.
„არ ვაპირებთ, მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატორულ პროცესს, როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიაში შესვლაზე, დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველზე და გავაპროტესტებთ პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო ინიციატივის გაფორმების მცდელობას… მოვუწოდებთ ლექტორებს, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად რუსთაველზე… ასევე, მივმართავთ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს – შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში, გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას”, – თქვა გიორგი წოწორიამ.