თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს - სამუშია ისევ ერთადერთი კანდიდატია

პუბლიკა

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები იმართება. არჩევნებში ისევ ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს და ის მოქმედი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშიაა.

არჩევნების შედეგები 12 საათზე გახდება ცნობილი. არჩევის შემთხვევაში ჯაბა სამუშიას უნივერსიტეტს 4 წელი უხელმძღვანელებს.

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 2ლის 20 ოქტომბერს დაინიშნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ის 6 თვის ვადით დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად და უფლებამოსილების ვადებში უნდა დაენიშნა ახალი რექტორის არჩევნები. როგორც აღმოჩნდა კონკურსი დანიშვნიდან 2 თვეში გამოაცხადა.

რექტორის პოზიციაზე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 16 დეკემბრის 10:00 საათზე და დასრულდა 21 დეკემბრის 18:00 საათზე. ერთადერთ რეგისტრირებული კანდიდატი ჯაბა სამუშიაა.

თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტური 2022 წლის 7 ოქტომბერს გახდა, როცა არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ მოულოდნელად აცნობა. შვიდ ოქტომბერსვე გავრცელდა ინფორმაცია მედიაში გიორგი შარვაშიძის შესაძლო შემცვლელის შესახებ.

მედია წერდა, რომ რექტორობა ჯაბა სამუშიას სურდა. მედიაში ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა საჯარო მილოცვებიც, რაზეც მოგვიანებით ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ „რაღაც მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, თითქოს მე თსუ-ის რექტორი გავხდი“ და „ახლა ვზივარ, ვურეკავ ყველას, ვინც ნაცნობია, რომ აიღონ პოსტი, რომ ტყუილია, რადგან ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი “.

ამ განცხადებიდან ზუსტად 4 დღეში ცნობილი გახდა, რომ ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ერთადერთი კანდიდატი იყო. მან აკადემიური საბჭოს 30 წევრიდან 28-ის მხარდაჭერა მიიღო.