თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში საჯარო ლექცია ჩატარდა სახელწოდებით – „სახელმწიფო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი“. ადგილზე ხმაური იყო, რადგან შენობაში არ უშვებდნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. მოგვიანებით ადმინისტრაციასა და ლექციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ლექციას მედია არ დაესწრებოდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტებთან შეხვედრას აპირებს რექტორი, ჯაბა სამუშია, რომლის გადადგომასაც პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ითხოვენ, თუმცა დრო უცნობია. სტუდენტებს სურთ სამუშიამ უპასუხოს კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ს ეზოში შევიდა და ასევე განმარტოს, რატომ იყო მანამდე უნივერსიტეტის კარი დაკეტილი სტუდენტებისთვის.
„ვკითხულობთ ლექციას სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობაზე, ბოიკოტზე, ეს ის ბრძოლის სტილია, რასაც პრაქტიკაში ვაპირებთ, შესაბამისად, თეორიული მალასა საინტერესო იქნება ვფიქრობ სტუდენტებისთვისაც, რომ უფრო კარგად გაიაზრონ რას ვცდილობთ. ვაპირებთ ბრძოლას რათა შეიცვალოს თსუ მთლიანობაში, თსუ-ს სისტემას და ვითხოვთ რექტორის გადადგომას. ეს არის თსუ-ს ღირსების შელახვა, აღარ მაქვს საუბარი სტუდენტების საერთოდ უგულებელყოფაზე ამ შემთხვევაში როდესაც საკუთარ სტუდენტებს არბევინებ ვიღაცას“, – ამბობს სტუდენტი, „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე.
განცხადება გაავრცელა საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოებამაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მკაცრად გმობენ, 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის „ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას”.
სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 023 აუდიტორია ღამით დაიკავეს. უნივერსიტეტის დაცვის სამსახურთან შეთანხმების შემდეგ, აქციის მონაწილეები აუდიტორიაში დარჩნენ.