თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ფინალური გამოცდების ჩაბარებას დამატებით 2 ქალაქში – ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში სთავაზობს. ასეთი პასუხი აქვს თსუ-ს სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნაზე, რომ ფინალური გამოცდებიც ონლაინრეჟიმში ჩატარდეს.
თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა ფოთოლაშვილის თქმით, ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა – ქუთაისი და ახალციხე, რათა გაუმარტივდეს სტუდენტს გამოცდაზე გამოცხადება.
„პუბლიკასთან” საუბრისას სტუდენტური მოძრაობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2 ქალაქში დამატებითი შეთავაზება არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის, ვინაიდან რჩება ძალიან ბევრი სტუდენტი, ვისთვისაც გეოგრაფიული ბარიერი მაინც არსებობს. ისინი ფინალური გამოცდებიც ონლაინრეჟიმში ჩატარების მოთხოვნით აქციას დღესაც გამართავენ.
თსუ-ში 2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა. ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რამდენიმეკვირიანი აქციების შემდეგ უნივერსიტეტმა გამოსცა ახალი ბრძანება და ფაკულტეტებს სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის ორგანიზების უფლება მიეცათ.
სტუდენტები ამბობენ, რომ გამოცდების ჩაბარებაც დისტანციურ რეჟიმში უნდა იყოს შესაძლებელი.