რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას არ გამოეხმაურა და 29 დეკემბრამდე არჩევნების თარიღზე შეთანხმება ვერ მოხდა – ამ საკითხებზე დღეს, 23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და შესაძლო სცენარებსა და გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა კომპრომისული ნაბიჯი არ გადმოგდა, ალტერნატივა რეჟიმის ჩამოშლა იქნება, რაც თავისთავად მოხდება.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა საბჭოს შექმნაზე, რომელიც ე.წ. მეორე ეტაპის გეგმაში შედის და რისი ერთადერთი მანდატიც არჩევნებისთვის მზადება იქნება.
„ჩვენ იქ, სადაც ვიმყოფებით დღეს, რჩება ორი გამოსავალი. ერთია – მივაღწიოთ არჩევნებს უმოკლეს დროში, რომ მივაღწიოთ მმართველ გუნდთან შეთანხმებას იმაზე, რომ ჩატარდეს არჩევნები, შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით.
… ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და იმათთან, ვინც იყო მონაწილე ამ პროცესში, ანუ პოლიტიკური პარტიები; და ვინც აკვირდებოდა და იცის ზუსტად რა და როგორ იყო დარღვეული, რათა ეს გამოსწორდეს.
ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული რამდენი წარმომადგენელიც უნდა მისი პარტიიდან, რასაც ისურვებს.
პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო და ვილაპარაკოთ.
ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო, იმიტომ, რომ ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ეს საზოგადოება დავაწყნაროთ და მივცეთ, რაც არის გასაღები დაწყნარების და მშვიდობის, მაშინ შევხვდეთ, რაღას გადავდოთ – ამ კვირაში, 29-მდე, მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმატში შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
რას გულისხმობს მეორე ეტაპი:
„29-დან თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი… მეორე ვარიანტით მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის, უკვე იშლება ეს რეჟიმი…
რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი არ იქნება ისე, როგორც ამას თვლის „ოცნება“. საჭირო არის დათმობა, საჭიროა აღიარება რაღაცების, მაგრამ შეიძლება კომპრომისი. თუ არა, ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ ამ ქვეყანას როგორ უნდა მოეპყროთ და როგორ უნდა შეინარჩუნოთ თქვენს მიმართ დნობა.
მეორე ეტაპისთვის, რომელიც დაიწყება ძალიან მალე, თუ ძალიან მალე არ მივიღე მე პასუხი, მეორე ეპატისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ, მე მზად ვიქნები, რომ აქაც ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგელენს და სტაბიოლურობის ერთგვარი ვექტორი, რომელიც ასევე იქნება მუდმივ კავშირში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან…
შეიქმნება ასევე საბჭო იმისათვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ უკვე მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომელიც არის ჯერ მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები და ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, საზოგადოება და მედია უნდა იყოს მზად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.