თუ 6 საათზე შევლენ ეკლესიაში და აღარ გამოვლენ, ეს კანონის დარღვევა იქნება, თქვენი აზრით? – გომელაური ჟურნალისტებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკლესიასთან ხელისუფლება მოილაპარაკებს და შეჯერდება აღდგომის დღესასწაულის გამართვასთან დაკავშირებით ისე, რომ არავინ დაარღვიოს კანონი.

„ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას რაც შეეხება, თუ იქნება ისე, რომ 6 საათზე აღარ გამოვიდნენ გარეთ, რასაც იძახდნენ ჩვენი სასულიერი პირები, ეს დარღვევა იქნება, თქვენი აზრით, კანონის? ჩვენ შევთანხმდებით ამაზე და თუ იქნება ასე იქნება ასე,  თუ არადა სხვანაირად.

კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ,  თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რომელსაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით – ნუ დაარღვევთ კანონსო“, – ამბობს ვახტანგ გომელაური.

დღის წესრიგში აქტიურად დგას საკითხი – როგორ ჩატარდება სააღდგომოდ საეკლესიო ღონისძიებები, შეასრულებს თუ არა საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, 3 პირის შეკრებისა თუ კომენდანტის საათის თაობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიაქროსთან მოლაპრაკებები აქვთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.