„თუ აღიარებით ჩვენებას არ მივცემდიო, დააკავებდნენ ჩემს მეგობარსო“ - ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატები შეხვდნენ

პუბლიკა

7-8 მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატები შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიკა ბითაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ლაზარეს უფლებები დაირღვა, რადგან პირველი ჩვენების მიცემის დროს ადვოკატი არ მიუყვანეს და აიძულეს, მიეცა აღიარებითი ჩვენება.

„ცალსახად დაირღვა მისი უფლებები და პირველი, დავიწყებ იმით, რომ დაირღვა ადვოკატის ნაწილში. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას ადვოკატი არ მოუყვანეს.

…თუ მე ჩვენებას არ მივცემდიო და ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენებაო, დააკავებდნენ ჩემს მეგობარ გიორგი ჯარიაშვილსო. …ფიზიკურ ზეწოლას არ ჰქონიაო ადგილი.

ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას არ უარყოფს, რომ იყო იქ ნამდვილად. დუმილის უფლებას გამოვიყენებო და პირველ სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, რა იყო ნამდვილადო. თუმცა მისი უფლებები დარღვეულია.

პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც თვითონ ამბობს, ნორმალურ პირობებშია,  უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდაო თქმის გადაპარსვაო და გადამპარსეს თმაო“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.

ადვოკატები სამართალდამცველების მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვას აპირებენ.

პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.

„დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით“, – განაცხადა უწყებამ.

ასევე, მათივე თქმით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი.

ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

ადვოკატის განმარტებით, მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა შეაფასოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი, რა არსებითი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლიეს და იმსჯელოს წინასწარი პატიმრობის მართლზომიერებაზე.