თუ აქვთ ილუზია, რომ ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მისი ხასიათი არ სცოდნიათ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება იწვევს ეჭვს, რომ ეს პოლიტიკური შანტაჟია და მსგავსი კოორდინაციის მიზანი საქართველოს ომში ჩართვა შეიძლება იყოს.

გადარიცხვის შეფერხებაზე განცხადება გამოაქვეყნა ხათუნა ხოფერიამაც, მისი თქმით, ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს. ხოფერიას ამ განცხადებაზე ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს დაუსვეს შეკითხვა, თავადაც ხედავს თუ არა ამერიკის ინტერესს ტრანზაქციის შეფერხების უკან:

„მე ამ დეტალებში ვერ შევალ. კონკრეტულმა ადამიანმა თავისი აზრი გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით. იქ საუბარი იყო რაზე – როდესაც ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას აფერხებ, როდესაც ასეთ გადარიცხვას რამდენიმე საათი სჭირდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელ საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე. ხომ არ არის ეს შანტაჟი? მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. [თუ] ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, ესე იგი ისინი კარგად არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. თუ აქვთ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მათ არ სცოდნიათ კარგად მისი ხასიათი“, – განაცხადა კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე – ვისგან შეიძლება მოდიოდეს აღნიშნული „კოორდინირებული მცდელობა“? – კობახიძე არ პასუხობს.

„მე ამ თემაში ვერ შევალ. რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში, ბუნებრივია, ვერ შევალ. იმედია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს მოეფინება ნათელი, საზოგადოებამ საბოლოო ჯამში უნდა იცოდეს, ვის სურს საქართველოს ომში ჩართვა და ვის არ სურს. დღეს ომში საქართველოს ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას. „ნაცმოძრაობას“ რომ სურს, ეს ვიცით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა – ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმით. მეტ კონკრეტიკას რაც შეეხება, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მეტს ვერ ვიტყვი“, – აცხადებს კობახიძე,

კობახიძე ამბობს, რომ დაელოდება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და სხვა დეტალებზე შემდეგ ისაუბრებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხედავს კოორდინაციას, რაც კითხვებს აჩენს. კობახიძე კოორდინაციაში გულისხმობს უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს, ელჩის „ალოგიკურ“ გაწვევას. მისი თქმით, „ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია – კაცი სანქციებს არ ექვემდებარება, ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვვიანი თემა. გამოგონილი თემა, გაუგებარი ზარი, ერთი თვის განმავლობაში იყო აწეული და ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს“.

„ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკიდან… შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა პრაქტიკულად ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი ამის მიზეზი, რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ვფიქრობ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს და არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც ამ კაცმა გამოავლინა 2012 წელს“, – განაცხადა კობახიძემ.


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციას.

ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და, სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, — წერია განცხადებაში.