თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულებას შეწყვეტს. თბილისის მერია მეტროსადგურ „გოცირიძის“ ექსპლუატაციაში მისაღებ პროცედურებს თავად განახორციელებს.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია, თუმცა, კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო, სადგური ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რომელიც გამოსასწორებელია. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია „მამისონმა“ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნული კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აღნიშნულ დეფექტებს გამოასწორებენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი შარკოვს, მათთან ხელშეკრულება გაწყვიტეთ. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მომდევნო წლებში „მამისონი“ ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს კომპანია „გაშავდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია „მამისონს“ სასამართლოს გზით მოსთხოვს
„მესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, დადგინდა ხარვეზები, აღნიშნული ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ამდენი ხნის განმავლობაში, ელემენტარული დოკუმენტაციის წარმოებას ვერ ახორციელებენ. ყველა სამუშაოზე, რაც ჩასატარებელია, ყველა დეფექტზე რაც გამოსასწორებელია, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ, ხოლო თანხა, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით, მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ექსპლუატაციაში მიღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და მალე მოემსახუროს მგზავრებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მეტროსადგურით მოქალაქეები 2 წელზე მეტია, ვერ სარგებლობენ. „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მეტროსადგურის გახდნა არაერთხელ გადაიდო.
„გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.
მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის. სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.