თუ არ დადასტურდება ასეთი ფაქტი, ავტორს მოუწევს პასუხი გაცემა - შსს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატზე

პუბლიკა

დაღული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა დღეს მედიასთან განაცხადა, რომ მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მასზე განხორციელდა პოლიციელების მხრიდან ზეწოლა. გელხაური ამბობს, რომ ფაქტს არასრულწლოვანის მშობელიც შეესწრო.

„ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, პოლიციელების მხრიდან და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა თავში და მას მოხვდა ზურგში, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა მასზე ზეწოლა. მშობელიც ადასტურებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის.

„მას ედავებიან მონაწილეობას და ასევე ორგანიზებას. მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, არცერთ ჩხუბში და არცერთ ძალადობაში. როცა ამბობენ, პირველი ჩხუბი და მეორე ჩხუბი, მას არ მიუღია არცერთ ჩხუბში მონაწილეობა და ასევე მას არავინ არ გაუტაცია. მას ედავებიან თავისუფების უკანონო აღკვეთას და ასევე, გეტყვით, რომ არც იმ „ტოიოტას” მძღოლების მიერ არ მომხდარა იმ მოწმის გატაცება, რომელსაც ოქროს მოწმედ აფასებენ”, – აცხადებს გელხაური.

მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ დღეს ჟურნალისტებმა შს მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბორცვაძეს კითხეს.

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებაზე კომენტარის დროს ბორცვაძემ განაცხადა, რომ განცხადება საჭიროებს შესწავლას. თუ გამოიკვეთება გადაცდომა, ბორცვაძის თქმით, ქმედება სათანადოდ შეფასდება, ხოლო თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„მე როგორც ვიცი, ეს განცხადება შეიცავს შემდეგ შინაარსს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს. ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდეგ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ გაკეთდა აღნიშნული განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ და ეს განცხადება გაკეთდა ამ ადამიანის დაკავების შემდეგ.

ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შესწავლას საჭიროებს და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა. თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება. იმ შეთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

უწყების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.