თუ არ დავიცავთ წესებს, დისტანციას, ჩვენი ქვეყანა ამ ომს წააგებს - ლევან რატიანი

პუბლიკა

„დღეს ძალიან გავბრაზდი – როდესაც სამსახურში მოვდიოდი, უამრავი ავტომანქანა მოდიოდა ჩემ გვერდით, წინ, და უკან” – ამბობს ტელეკომპანია „იმედთან” საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.

„არ ვიცი, სად მიდიოდნენ, მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ყველას – თუ აქამდე მოვაღწიეთ იმ შედეგით, რაც ბევრ ქვეყანას შურს, ეს მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის და რიგითი ექიმების დამსახურება იყო, მაგრამ დადგება მომენტი, და თუ ადამიანები არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ჩვენ ამ ომს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ”.

მისი თქმით, ვირუსი ახალია, მის შესახებ მეცნიერებამ ბევრი არაფერი იცის. და რაც კარგად იციან, ისაა,  რომ თუ დავიჭერთ დისტანციას და დავემორჩილებით ყველა იმ წესსა და კანონს, რაც მოქმედებს, მაშინ შევძლებთ მასთან გამკლავებას.

„თუ დავარღვევთ წესებს, ვივლით ქუჩაში, არ დავიცავთ ფიზიკურ დისტანცირებას, ჩვენი ქვეყანა ამ ომს წააგებს”, – ამბობს ლევან რატიანი.