თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით - გახარია ოპოზიციას

პუბლიკა

„თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი და არავის არ ეშინია კრიტიკის“, – ასე მიმართა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე პლენარული სხდომიდან. გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არაორდინარულ პირობებში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება. გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და პროცესი დემოკრატიზაციის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად – ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ამ ყველა პრობლემას, ამ ყველა გამოწვევას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთად და როდესაც მე დასაწყისში ვთქვი, რომ სამწუხაროა, რომ აქ ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღ დისკუსიასა და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგიც მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს.

რეალურად, როდესაც ჩვენ დღეს აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, გადმოდის ჩვენზე და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გააზრებული“, – განაცხადა გახარიამ.