თუ არ გვექნება ჯგუფური შემთხვევები, მოსალოდნელია უფრო რბილი განვითარება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ისედაც მუშაობდა საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ახლა ამას ლეგალური საფუძველი ეძლევა და გაადვილდება ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

„ჩვენ ისედაც ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ახლა ამას ლეგალური საფუძველი ეძლევა, რაც გააადვილებს მუშაობას და მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღდეგო ღონისძიებებს, რომ ჩვენ ან შედარებით მსუბუქად გადავიტანოთ ეპიდემია ნაკლები ზიანით, ან თავიდან ავიცილოთ ფართო მასშტაბიანი ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 50 -მდე სინჯზე ტარდება კვლევა, ინფექციურ 18-მდე სინჯზე. მისი თქმით, ყოველდღიურად საკვლევი მასალების რაოდენობამ იმატა. დღეში 80 დან 100-მდე კვლევა ტარდება.

„სერიოზულად იმატა გამოკვლევათა რაოდენობამ – 80-დან 100- მდე ტარდება. დღეს იქნება მატება რამდენიმე პოზიტიური შემთხვევით, მაგრამ თუ ჩვენ ამ ტემპით წავედით, დღეში 3- 4 შემთხვევის მატებით, კი ვსაუბრობ რომ ჩვენ ვართ პრეკრიტიკულ ფაზაში, მაგრამ თუ ასეთი დაბალი ტემპი იქნა, მაშინ მოსალოდნელია უფრო რბილი განვითარება, თუ არ გვექნება ჯგუფური შემთხვევები, ე.წ. ეპიდაფეთქებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მისთვის ეკლესიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და ელოდა, რომ სინოდი ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„საგანგებო მდგომარეობა გარკვეულად ხელს შეგვიწყობს ყველაზე მთავარი ღონისძიებების სოციალური დისტანცირების უკეთ აღსრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო რეკომენდაციები, ეს მაინც ირღვეოდა. საგანგებო მდგომარეობის დროს ეს უკვე ადვილად განსახორციელებელია და ხელს შეუშლის ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარებას.

დამშვიდების გარანტიას და მოწოდებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს პანდემიასთან. ვირუსი როგორ მოიქცევა, ეგ არავინ იცის, ახალი ისტორიის ვირუსია. პირველი შემთხვევის დადგენიდან 3 კვირა გავიარეთ მშვიდად, არ გვაქვს ლეტალობა, გვყავს მძიმე ავადმყოფები, მაგრამ არცერთი კრიტიკული. ყველა ადამიანის [პოზიტიურის] ინფექციის შეძენის წარმომავლობა ვიცით. ანუ ვფლობთ სრულ ინფორმაციას და ყველა ადამიანის ყველა კონტაქტია დადგენილი. უდიდესი მუშაობაა საჭირო. ზოგიერთმა ადამიანმა შეგნებულად თუ დაავიწყდა, გარკვეული კონტაქტები დამალა. ნუ დამალავთ კონტაქტებს. საჭიროა ყველა კონტაქტის დროული იდენტიფიცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.