თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებული გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები - ბრეგაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბეგაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „საქმე გვაქვს გარკვეულ სიმულაციებთან“ და თუ ეს სიმულაციები არ შეწყდება, „მაღალი ინტერესიდან გამომდინარე“, სამინისტრო „იძულებული გახდება გარკვეული კადრები გაასაჯაროოს“.

ჟურნალისტმა მინისტრს „კურიერის“ ეთერში ჰკითხა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს გარკვეულწილად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აქვს თუ არა მტკიცებულებები, რაზეც ბრეგაძემ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე. ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი“, — განაცხადა ბრეგაძემ, თუმცა არ დაუზუსტებია რა სახის სიმულაციებს გულისხმობდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ავადობას სიმულირებს“, მინისტრმა უპასუხა:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, და როდესაც ვამბობთ რაიმეს, და მეც ვთქვი ახლა, რომ გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია, რომ ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა. ასეთი არის, მათ შორის, ვიდეომასალა. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ასევე, ეს ვიდეომასალა ნათლად აჩვენებს… გვაქვს ასევე გარკვეული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას და ასევე, კონკრეტულად, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას.

შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, ჩვენ იძულებული გავხდებით, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები, რომელიც შემდგომში საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმ ყველაფერს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.