პარტია „გირჩის” თქმით, სინოდის გადაწყვეტილება „ბიბლიური თავისუფლების” წევრებისთვის სხვადასხვა შეზღუდვის შესახებ უნდა გაუქმდეს, ან არ აღსრულდეს.
პარტიის თქმით, მას შემდეგ რაც „მამა შალვებმა” 50 ათასი კაცი ეშმაკის საუფლოსთვის გაიმეტეს, თავად იქცევიან უფრო ქრისტიანებად, ვიდრე ისინი, ვინც ეს ბოროტმოქმედება ჩაიდინა.
„მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვთისმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას”, – აღნიშნულია 2021 წლის სინოდის განჩინებაში, „ბიბლიური თავისუფლების” შესახებ.
გთავაზობთ განცხადებას:
„ბიბლიური თავისუფლება” შეიქმნა ადამიანების სავალდებულო საყარაულო სამსახურისგან თავის დაღწევის მიზნით.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია მიზნად რელიგია დაგვეფუძნებინა.
2017 წლიდან ასე ფუნქციონირებდა ჩვენი „ეკლესია” და ათავისუფლებდა მონებს „ვიშკაზე” დგომისგან.
ჩვენ არასოდეს გვეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ქრისტიანული საქმეა და ვერანაირი მამა შალვა ან მამა ნიკიფორე ამ აზრს ვერ შეგვიცვლის.
2021 წლის თებერვლამდე, არავის ჭკუათმყოფელს აზრად არ მოსვლია ჩვენი „მღვდელმსახურების” ეშმაკისეულებად შერაცხვა.
ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნებისთანავე, მან დაიწყო ჩვენთან ბრძოლა და განაცხადა, რომ ეკლესიასთან დალაგდა.
დალაგება კი გამოიხატა შემდეგში – 2021 წლის თებერვალში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩაატარა ე.წ რეფორმაცია, რითაც მონობას მხარი დაუჭირა და 50 ათასი ადამიანი განკვეთა თავისი წიაღიდან, რადგან მათ „ბიბლიური თავისუფლების” საბუთი მიუტანეს კომისარს.
სწორედ ამ დროიდან, წმ. სინოდის ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვართ რელიგია, რადგან სწორედ ამ მომენტიდან გვაღიარა ასეთად წმ. სინოდმა.
ღმერთია მოწმე, რომ ეს ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ პრემიერის და წმ. სინოდის მეცადინეობით ვართ და სწორედ იმ მომენტიდან, როცა მამა შალვებმა 50 ათასი კაცი ეშმაკის საუფლოსთვის გაიმეტეს, ჩვენ ვიქეცით უფრო ქრისტიანებად, ვიდრე ისინი, ვინც ეს ბოროტმოქმედება ჩაიდინა.
თუ არა დემონს, სხვას ვის შეეძლო გამოეცხადებინა 50 ათასი ქართველი ეშმაკისეულად?!
უბრალოდ, ერთი წამით წარმოიდგინეთ 50 ათასი ქართველი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მამა შალვებმა ჯოჯოხეთისკენ გაუშვეს!
რა თქმა უნდა, უფლის სახელით!
ჩვენ გვესმის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი შეცდომებს არ უშვებს, უცდომელია, მაგრამ, როგორც არ უნდა შეხედოთ, 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების მესამე პუნქტი ეშმაკისეულია. ის ცოდვაში აგდებს მის აღმასრულებელ სასულიერო პირებს და ისეთივე მცდარია, როგორც მოუნათლავი ჩვილების გამეტება ჯოჯოხეთისთვის.
ამიტომ, სინოდის ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ან არ აღსრულდეს!”, – წერია „გირჩის” განცხადებაში.