თუ ასე გავაგრძელებთ და დღეში, საშუალოდ, 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს კარგია – ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, საშუალოდ, 10 პაციენტი ემატებათ, რაც კარგია და თუკი ასე გაგრძელდება, ნაკადთან გამკლავება არ გაუჭირდებათ.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი რომ გადავიანგარიშე, ამ ერთი კვირის განმავლობაში დღეში 10 პაციენტი გამოდის, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად, საშუალოდ, 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობისგან თავს ავარიდებთ. მატება იქნება, მაგრამ ისეთი მატება იქნება, რომლის გამკლავება არ გაგვიჭირდება.

პიკის თავიდან აცილებისთვის პრევენციული ღონისძიებაა – დარჩი სახლში, აუცილებლად. ავარიდოთ თავი თავყრილობებს და რაც არის შეჩერების ღონისძიებები, ამ ღონისძიებებს სრულყოფილად უნდა დავემორჩილოთ“, – აცხადებს ეზუგბაია.

ამ დროის მონაცემებით, STOPCOV.GE-ზე ასახულია, რომ საქართველოში დაფიქსირებულია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 208
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 50
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4682
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375