თუ აშშ არაფერს იღონებს ჩემ დასაცავად, საშინელი სიგნალი იქნება პროდასავლური ლიდერებისთვის - სააკაშვილი

პუბლიკა

ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის შესახებ წერს. „ბლუმბერგის“ მიხედვით, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისი ადვოკატის მეშვეობით მიმართეს კითხვებით.

სააკაშვილი კი მათი კითხვების საპასუხოდ იხსენებს, როგორ მდგომარეობაში გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, დააგდეს ასფალტზე და ფიზიკურად იძალადეს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მიხეილ სააკაშვილი მათთვის გაგზავნილ ხელნაწერ კომენტარში დახმარებას ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, რადგან მისი ქვეყანა დასავლურ კურსს ზურგს აქცევს.

„თუკი ამერიკის შეერთებული შტატები არაფერს იღონებს ჩემ დასაცავად, ეს საშინელი სიგნალი იქნება ყველა პროდასავლური ლიდერისა და საზოგადოებისთვის“, – წერს სააკაშვილი.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, სწორედ დასავლური კურსისთვის შექმნილი საფრთხით ხსნის მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებასაც.

„ის ამბობს, რომ ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნების წინ დაბრუნდა, რადგან „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს ხელისუფლების განცხადებების კომბინაციამ დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის კურსს ღალატობს“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, ისინი საპასუხო კომენტარისთვის დაუკავშირდნენ ხელისუფლებასაც, თუმცა იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერმა მათ უთხრა, რომ მინისტრს არ სცალია კომენტარის გასაკეთებლად, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა კი კომენტარზე უარი უთხრა.