„თუ [დაავადება] უმართავი გახდა და ბევრი დაინფიცირდა, ვერც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.
„ჩვენ ახლა შევდივართ პიკურ ფაზაში, საბედნიეროდ, ძალიან კარგად შევასრულეთ შეკავების პროცესი და ასევე, გავრცელების. საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს დრამატული შედეგები, მაგრამ, თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა რეკომენდაციები, ნამდვილად დრამატულად შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა… თუ [დაავადება] უმართავი გახდა და ბევრი დაინფიცირდა, ვერც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, ახლა საქართველო გადამწყვეტ ფაზაში შედის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 306;
- აქედან გამოჯანმრთელებული – 71;
- გარდაცვლილი – 3;
- კარანტინის რეჟიმში – 5034;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.