თუ ბრიტანელები უკრაინაში საბრძოლველად წასვლას გადაწყვეტენ, მხარს დავუჭერ - ტრასი

პუბლიკა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს BBC-ის ეთერში ჰკითხეს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც შეიქმნება საერთაშორისო ლეგიონი და უცხოელებს შეეძლებათ ლეგიონში გაწევრება. ტრასი აცხადებს, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს:

„ამას მხარს ვუჭერ. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც ადამიანებმა საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. პრეზიდენტი პუტინი სწორედ ამას უპირისპირდება. ასე რომ თუ ადამიანებს ამ ბრძოლაში მონაწილეობა სურთ, მე სრულიად მზად ვარ, რომ მათ მხარი დავუჭირო“, – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა, ბრძოლაში დასახმარებლად ბრიტანეთიდან უკრაინაში მოქალაქეების წასვლას, მინისტრმა აღნიშნა – „აბსოლუტურად, თუ მათ ეს სურთ“.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩამოყალიბდება საერთაშორისო ლეგიონი მათთვის, ვისაც უკრაინის დაცვა სურს.

ის აცხადებს, რომ უცხოელებს, რომლებსაც სურთ უკრაინის მხარდაჭერა და დაცვა, შეიქმნება საერთაშორისო ლეგიონი და შეეძლებათ ლეგიონში გაწევრება.

„ყველა უცხოელს, რომელსაც სურს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი”,– ნათქვამია პრეზიდენტის გავრცელებულ განცხადებაში.