„ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენ და თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა, დავიჭერთ. ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დაიწყო თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერების მობილიზება სააკაშვილის ჩამოსვლისთვის. „სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეთ“, – აღნიშნა ჟურნალისტმა შეკითხვის დასმისას.
პრემიერის თქმით, არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მას არ დაუანონსებია.
„დაპირისპირება დააანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, როდესაც თქვეს, რომ თურმე ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მეორე – მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. პიკის დროს, ყველაზე მთავარი, კულმინაციური მომენტი როცა იყო ივლისში, 5000 მხარდამჭერის მობილიზება ვერ მოახერხეს. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 ათასი ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია შეგვიძლია განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი, სააკაშვილს სჭირდება 10 გამოცდილი პოლიციელი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვა.
„მთავრობას, სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი, რომ არ მოხდეს არავითარი კანონდარღვევა, კანონის აღსრულებაში ხელშეშლა და ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად, კვალიფიციურად ჩავატარებთ, ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გასაგრძელებლად“, – განაცხადა პრემიერმა.