ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე შესვლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ, თუ ოპოზიციისთვის პრინციპულ საკითხებზე – ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტმატიმრების გამოშვება – „ოცნება“ არ წავა კომპრომისზე, შეთანხმება არ შედგება.
„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძალიან მტკიცე და მკაფიო პოზიცია, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, იმისათვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს – პირველი, მნიშვნელოვანია გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და მეორე, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს არის მთავარი საკითხები და თუ ამ საკითხებზე არ იქნება შემხვედრი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებისგან, თუ ჩვენს პრიორიტეტულ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ და ეს ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება არ შედგება.
ჩვენ მოვისმინეთ ძალიან უტიფარი განცხადებები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ბრიუსელიდან, ასევე ირაკლი კობახიძის და არჩილ თალაკვაძის განცხადებები. მათ განაცხადეს, რომ არც არჩევნები არ იქნება, არც პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ. თუ ეს უტიფარი რიტორიკა გაგრძელდება მათი მხრიდან ეს ნიშნავს, რომ ისინი ხურავენ კარს ევროპისათვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.