„თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გახარიას თქმით, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.
„იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა.
ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი.
თუ დადებითობის მაჩვენებელი 4% მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, შესაძლებელი იქნება, გახსნის გეგმა დაჩქარდეს.