იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნება ჰოსპიტალიზებული. – ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
„ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში.
ჩვენი ინტერესი ისაა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდეს უწყვეტად ინფორმაცია, რომელიც იქნება გამართული და უტყუარი.
როდესაც/და თუ დადგება ამის საჭიროება, სააკაშვილი იქნება ჰოსპიტალიზებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში.
დაწესებულება მუშაობს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, შეუძლია, მართოს პაციენტის მდგომარეობა.
რაც შეეხება მის პირად და სხვა ექიმებს, ჩვენი მთავარი მიზანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბეთ კონსილიუმი. გუშინ შევხვდით ექიმებს, გაგვიზიარეს ძირითადი მიგნებები და გაგვიწიეს რეკომენდაციები, რომელიც უკვე შესრულებულია, ბუნებრივია, მსჯავრდებულის თანხმობით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრის ამ კომენტარს დღეს უპასუხეს სააკაშვილის ადვოკატებმა, რომლებიც ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად შევიდნენ ციხეში.
ბექა ბასიალაის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადება მიანიშნებს მათ შიშზე, რომ სააკაშვილი საზოგადოებაში გამოჩნდება. ადვოკატს აქვს შეკითხვა, სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დაანონსება ხომ არ არის ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია.
„უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი რაიმე პრივილეგიებს კი არ ითხოვს, უბრალოდ როგორც არის პრაქტიკა და წესი, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მსჯავრდებული გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკებში. დღეს ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზებული იქნება გლდანის ციხეში, სადაც ასევე მოთავსებული არიან სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებით მსჯავრდებული პირები, აქედან გამომდინარე მისივე უსაფრთხოებისთვის შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს.
ექიმების კონსილიუმმა მისი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას დასთანხმდება, თუმცა საჭმელს არც ერთი ფორმით არ მიიღებს.