ილიაუნის ლექტორების სახელით სტუდენტების დაუმორჩილებლობის საკითხზე პეტიცია ვრცელდება

პუბლიკა

ვრცელდება პეტიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სახელით. მასში ნათქვამია, რომ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და სასწავლო პროცესს შეაჩერებენ, ლექტორები მათ შეუერთდებიან.

შესწორება: თავდაპირველად სტატიაში ეწერა, რომ განცხადება დადასტურებულად ეკუთვნის ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. თუმცა, მისი შემდგენის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამიტომ, მასალა დავარედაქტირეთ. შეიცვალა და დაზუსტდა სათაურიც. 

„ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა.

შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ!

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ!

მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ ბრძოლაში!”, – ნათქვამია გავრცელებული პეტიციის ტექსტში.

ჩვენი ინფორმაციით, დეტალების შესახებ ინფორმაცია 12 მაისს გავრცელდება.