სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, დღეს ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პანსიონში მუშაობენ სოციალური მუშაკები, ამიტომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესის არიდების მიზნით, სახალხო დამცველი ვითარების განმუხტვას ელოდება.
„ველოდით სიტუაციის დეესკალაციას. რა თქმა უნდა, შევხედავთ, რამდენიმე დღე როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მათ შორის, ახალი მენეჯმენტიდან, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას იქ არ შეექმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე ფისქოლოგიური ან სხვა ტიპის ზეწოლის საფუძველი.
ჩვენ დავაკვირდებით, უახლოეს დღეებში ხომ არ შეჩერდება ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან. ბოლო დღეებში ვხედავდით, რომ ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა, იმედი მაქვს, გაგრძელდება, თუმცა, თუ დავინახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, ჩავიდეთ და განვახორციელოთ მონიტორინგი“, – ამბობს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველმა, ასევე, კიდევ ერთხელ მიმართა საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველ ორგანოს საკუთარი მანდატის მიხედვით მოქმედების შესაძლებლობა. ომბუდსმენს იმედი აქვს, რომ დადებით პასუხს მიიღებენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მთავარეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.
5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.