თბილისის მერს ჟურნალისტებმა „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავაზე ჰკითხეს, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ თუ მორალური ზიანი აუნაზღაურდება, მიღებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
„ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ, ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. ეთერში რაც თქვა, იმაზე კონკრეტულ ჟურნალისტს მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს. ჩემმა ადვოკატმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა. რაც შეეხება თანხას, თუ მას მივიღებთ, ის მიმართული იქნება ოჯახებისკენ, ადამიანებისკენ, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ადვოკატის თქმით, 2022 წლის 5 ივნისს „TV პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ „მხოლოდ ერთი ტენდერიდან კახა კალაძემ 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“. ამის გამო კალაძემ 2022 წლის 20 ივნისს სასამართლოს მიმართა.
თბილისის მერი „ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 100 000 ლარს მოითხოვს“.
„TV პირველის“ იურისტი ქეთი ზანდუკელი ამბობს, რომ კახი კალაძის სარჩელი ტელეკომპანიის წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მისივე თქმით, კალაძის სარჩელი ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ და მისთვის დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენაა მიმართული.