თუ დებატები შედგება, ცხადი გახდება ამ ბრალდებების აბსურდულობა. დებატებს კი არ თანხმდებიან - გოლეთიანი

პუბლიკა

„ეს ხელისუფლებისთვის სასათბურე სივრცეა – დაგაბრალოს, რაც თვითონ აწყობს ის და მოპასუხე მხარე არ ჰყავდეს. ამიტომ ვითხოვდით, ეს დებატი შემდგარიყო. დებატის ფორმატი კი არ უნდათ…“, – ასე ეხმაურება „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს.

„ასე ცალმხრივად წარმართული პროცესი აწყობთ, ცხადია. თუ დებატები შედგება, მაგალითად ჩვენსა და ეკონომიკის მინისტრს შორის, ამ შემთხვევაში ცხადი გახდება ამ ბრალდებების აბსურდულობა. შეიძლება პირიქითაც შებრუნდეს ეს ბრალდებები მათი მისამართით. ძალაუფლების მქონე მხარეა, ჩვენ უბრალო მოსახლეობა ვართ და განსაკუთრებული ბერკეტები არ გვაქვს ადამიანების მხარდაჭერის გარდა…”, – ამბობს გოლეთიანი.

გოლეთიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიად აფასებს.

„საინფორმაციო კამპანიის ნაწილია ის, რაც სუსის ანგარიშში წერია, რათა რამდენიმე ადამიანზე დავიდეს ეს თითქოსდა დივერსიული მოქმედებები, რითაც მომავალში ლეგიტიმაცია ექნებათ, გაგვანეიტრალონ სხვადასხვა ფორმით. მომავალში არც დაკავებას გამოვრიცხავთ, თუ აქტიური იქნება პროტესტი.

ვხედავთ, რომ საინფორმაციო ნაკადი ისე მოდის, ამას არაფერი ხვდება წინ, მედია თავის მხრივ პირიქითა ტენდენციაზე დგას – არ სვამს შეკითხვებს იმაზე, თუ რას ვამბობთ ჩვენ. ეს პროცესი აბსოლუტურად ზედაპირულია. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ცალკარას პრინციპით თამაშობს – გვაბრალებს რაღაცებს და მოპასუხე მხარე არ უნდა, ესაა აქ პრობლემა“, – ამბობს გოლეთიანი და დასძენს:

„მინიმუმ სახელმწიფოს მტრობას და ღალატს არ უნდა გაბრალებდეს ოფიციალური ორგანო – უსაფრთხოების სამსახური, რაღაც მტკიცებულება მაინც უნდა ჰქონდეს, თუ ისეთი ბრალდებებია. ადამიანი რაღაცას გაბრალებს და შენ უბრალოდ თავის მართლების შესაძლებლობაც არ გეძლევა“, – ამბობს გოლეთიანი.


„პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ჰესების საწინააღმდეგო პროტესტზე.

„2021 წელს ერთ-ერთ ასეთ საკითხად გამოიკვეთა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას”, – წერია ანგარიშში.