თუ დეპუტატებს ვერ შეხვდება, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში დანიშნულ მკურნალობას შეწყვეტს | ბასილაია

პუბლიკა

გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ითხოვს დეპუტატების მასთან შეშვებას და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის ჰოსპიტალში დანიშნულ მკურნალობას აღარ გააგრძელებს.

„ჩვენ ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ დეპუტატებს სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს პოლიტიკური იზოლაციაა და ამ პროცესს სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია. თუ ეს გაგრძელდება და არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებსაც დანიშნულებით იღებდა მანამდე, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა“, – განაცხადა ბასილაიამ.

მან ასევე ისაუბრა 29 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების აუცილებლობაზე და „თავისუფლების კომიტეტზე“, რომელმაც სააკაშვილის გათავისუფლებაზე უნდა იზრუნოს.

„29 ნოემბერს სასამართლო პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულება ბიძინა ივანიშვილის უპირობა შემსრულებელია, მიხეილ სააკაშვილის დიდი სურვილია, როგორც აქამდე ვაცხადებდით, რომ ის პროცესზე მივა და მიმართავს საზოგადოებას და ქართველ ხალხს და ეს შესაძლებლობა მას უპირობოდ უნდა მიეცეს.

სასამართლო იმ პირობებში, რომელშიც იმყოფება, ივანიშვილის დიქტატის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, აქედან გამომდინარე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის პროტესტს და ამის ფონზე ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და შურისძიება. ქართველი ხალხის აქტიურობა და პროტესტია საფუძველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების.

თავისუფლების კომიტეტის საინიციატივო ჯგუფის თაობასთან დაკავშირებულ საკითხზე – აქ შევა ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობენ მის გათავისუფლებაში და ისინი, ვინც ასევე აქტიურად ჩართული იყვნენ მისი სიცოცხლის გადარჩენის პროცესში.

საუბარია სამოქალაქო სექტორზე და აქტიურ ადამიანებზე, რომლებისთვისაც საქართველოს გათავისუფლება მნიშვნელოვანია. საუბარია აქტიურ ადამიანებზე, ვინც როგორც სიცოცხლის გადარჩენაში იყვნენ ჩართული, ასევე ჩაერთვებიან მისი გათავისუფლების პროცესში“, – განაცხადა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადის.