შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მინისტრი ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენდა და არ ელოდნენ, თუ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა მოხდებოდა.
„5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტები იყო, 27 წელია ძალოვან სისტემაში ვმუშაობ, 9 წელია თანამდებობაზე ვარ, მაგრამ ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთლით … ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც არის ძალიან მძიმე, ასე ორგანიზებული, აქტიურად, სხვადასხვა ადგილას მოხდა ეს თავდასხმები, რაც გასაკვირი იყო …
ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, ეგ ნამდვილად არც კი გვიფიქრია, მაგას ვერც წარმოვიდგენდით, პირდაპირ გეუბნებით. ჟურნალსიტებზე რომ ასეთი მასობრივი ძალადობა მოხდებოდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა“, – ამბობს ვახტანგ გომელაური.
5 ივლისს თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე თავს ესხმოდნენ და ძალადობდნენ ჟურნალისტებზე. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი იყო.
Tbilisi Pride-ის მიერ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში იმ დღეს ამ მოვლენების ფონზე გაუქმდა.
მეორე დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა. აქციას Tbilisi Pride-ის წევრებიც შეუერთდნენ. „თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა LGBTQ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.
პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს, ქაშვეთის ეკლესიასთან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები იყვნენ შეკრებილი. ისინი პარლამენტის წინ გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ მათ პოლიციის კორდონი აკავებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს 100 ადამიანი დააკავეს.