დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალის დეფიციტის პირობებში, უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმები საქართველოში მუშაობაში ჩაებმებიან. ამის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისგან. ზოგი იტალიაში მუშაობს, ზოგი გერმანიაში, აშშ-ში და ასე შემდეგ. მათ სერიოზული გამოცდილება მიიღეს. თუ დრო ექნებათ, კარგია, რჩევების გარდა, ზოგი მათგანი აქ მუშაობაში ჩაებას იმიტომ, რომ შეიძლება, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდეს. მოგეხსენებათ, ექიმის მომზადება ასე მარტივი არ არის და ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.