დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, ჩანაწერი გააკეთებინოს, რა მიზეზით ეუბნება უარს.
„თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის ეს ვაქცინა აბსოლუტურად მისაღებია. არ არსებობს უკუჩვენება, რასაც ჰქვია ალერგია. ბიძინა კულუმბეგოვმა თითქმის ყველა ექიმს ჩაუტარა ტრენინგი და კიდევ რაღაც მითიურ ალერგიებს იშველიებენ.
მინდა, მოსახლეობას მივამართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავიანთ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, რომლებიც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა „ჭინჭრის ციება“, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე“, – განაცხადა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად.