თუ ექნებათ მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ოპოზიციას ექნება დესტრუქციული ნაბიჯების მცდელობა, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს.

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. თუ ვინმეს ექნება მცდელობა, დესტრუქციული ნაბიჯი გადადგას, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც მან თქვა, კითხვას – შიმშილობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი – ნათლად გაეცა პასუხი.

„საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია“. ძალიან მარტივად არის საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ამაზეც ის არის პასუხისმგებელი. თუ ის „ფეიკ“ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე ეს სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


დღეს დილით პარლამენტის შენობის შესასვლელებთან რკინის ღობეები აღმართეს. რკინის კონსტრუქციების აღმართვა, სავარაუდოდ, დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

გუშინ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე გაჟღერებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ამიტომ მომდევნო საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 8 ნოემბერს, 8 საათზე გაიმართება.

აქციის მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 39-ე დღეა შიმშილობს, გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.