„დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ასეთი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქვეყანა ელოდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ამის ხელიდან გაშვება არ გვეპატიება“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს – ვისწავლოთ ერთად დგომა. ამიტომაც, მივმართავ – საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ, ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად – მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი.
თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვითა და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა. გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების. კანდიდატის სტატუსის ვერმიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – ამბობს გახარია.