„ევროკავშირი არის იმის საპირისპირო, რასაც განასახიერებს გვარამია, ევროკავშირი არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნები, თავისუფალი საზოგადოება, ეს არის სამართლისა და კანონის უზენაესობა, როგორ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას ევროკავშირსა და გვარამიას შორის“ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემა „დღის თემაში“ აცხადებს, რომ გვარამიას დაკავება საქართველოს ევროინტეგრაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა დანაშაული და თუ ადამიანი დანაშაულისთვის არ დაისჯება, ჩნდება დაუსჯელობის განცდა.
წამყვანის შეკითხვაზე, ევროკავშირიდან წევრობის სტატუსის მინისჭების მოლოდინის დროს რამდენად გამართლებული იყო გვარამიას დაკავება, კობახიძე პასუხობს:
„ჩვენ მაშინ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კანონის არაღსრულება და სამართლის არაღსრულება არის ევროკავშირი. ამ დროს პირიქითაა, ევროკავშირი სინამდვილეში არის კანონის და სამართლის უზენაესობა.
ჩვენ არ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კორუფციაა ევროკავშირი. თუ ჩვენ ევროკავშირსა და გვარამიას გავაიგივებთ, გამოდის, ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ. და სინამდვილეში ევროკავშირი არის ზუსტად იმის საპირისპირო, რასაც განასახიერებს გვარამია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი მტკიცებით, ხელისუფლება მზადაა, საქმის შინაარსთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვა მოისმინონ.
მისი თქმით, სირცხვილია, საქართველოს ომბუდსმენი ამბობს, რომ საქმეს საფუძვლიანად არ გაცნობია, თუმცა მას აფასებს.
„კომპეტენტურობა ცალკე პრობლემაა, კეთილსინდისიერება ცალკე პრობლემაა. არ მინდა, ღრმად შევიდე“, – განაცხადა კობახიძემ.