ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის გატანა შეზღუდოს, თუკი მწარმოებლები, მაგალითად AstraZeneca, ევროკავშირის ქვეყნების მიმართ ვალდებულებებს არ შეასრულებენ.
განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებს შორის გამართულ ვირტუალურ სამიტზე გააკეთა. როგორც The Guardian წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებმა იმ შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ შეიძლება დააჩქარონ ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესი.
„თუ კომპანიები არ შეასრულებენ მათი კონტრაქტის პირობებს და ამავდროულად გავლენ ექსპორტზე, ევროკომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს ექსპორტის კონტროლი“, – ციტირებს ფონ დერ ლეიენის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
გასულ თვეში კომისიამ სასწრაფო წესით შეიმუშავა ავტორიზაციის სქემაც, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ექსპორტის დაბლოკვა შესძლებოდათ.
ვაქცინის ექსპორტზე ფონ დერ ლეიენმა სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა BioNTech/Pfizer-ზე მოდის, რომელსაც Moderna მოჰყვება, თუმცა კომისიას ამ კომპანიების მიმართ პრეტენზია არ აქვს, რადგან ისინი ევროკავშირის ქვეყნების მიმართ თავიანთ ვალდებულებას ასრულებენ.
ექსპორტზე შეკითხვები, ძირითადად, AstraZeneca-ს მიემართება, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
„ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, ვის რომელ ქვეყანაში გააქვს ვაქცინა ექსპორტზე, თუმცა მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ის უბრალოდ აქცენტს სვამს კითხვაზე: პატივს სცემს თუ არა კომპანია, რომელიც ექსპორტზე გადის, ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას?“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.