თუ ევროკომისია და საბჭო იმავეს გაიმეორებენ, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მძიმე რეაქცია - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თეორიულად თუ ევროკომისია და ევროპული საბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციას გაიმეორებენ, „ჩვენი მხრიდან“ ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია.

„ჩვენ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მგონია, რომ ეს პრაქტიკულად ვერ მოხდება, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ კომისიამ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა. ამას არ ვიცი, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს. წინასწარ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიჭირს. გავიხსენოთ თვითონ ევროპარლამენტის რეზოლუცია. იქ წერია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია და უნდა დავსაჯოთ, ანუ მათ მოუწოდეს კომისიას და საბჭოს, რომ დასაჯონ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. ახლა წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ, რომ გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მძიმედ მისაღები და ობიექტურად იქნება მძიმედ მისაღები. ზოგადად, ერთ რამეს ვიტყვი, რომ ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და მათ შორის დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.


საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ემხრობა.

„ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ასრულებს ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის იმ დონეზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე;

ევროპარლამენტი ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით;

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.