გუშინ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. გადაწყვეტილებაში მოსამართლე განმარტავს, რომ არსებულ უბნებზე გამართული არჩევნები შეიცავდა ყველა იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა დაემუქროს კენჭისყრის ფარულობას და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სასამართლოს შეფასებაში ვკითხულობთ:
„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარლამენტი შედგება თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან. შესაბამისად საარჩევნო ფარულობა კონსტიტუციურ დონეზეა აყვანილი. ცხადია, რომ თუ საარჩევნო ფარულობა არ არის დაცული, ამომრჩეველს ერთმევა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ექცევა წნეხის ქვეშ, რითიც თავისუფალი ნების გამოვლენა ესპობა”.
ამასთან, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უფლების სრულად განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია, არსებობდეს პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების პატივისცემასა და მათ ხელმისაწვდომობას დისკრიმინაციის გამომრიცხველ თანასწორ გარემოში, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების პირობებში.
„არჩევნების ფარულობის მოთხოვნა ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტს. სახელმწიფოს, ხელისუფლების, ვალდებულებაა, უზრუნველყოს არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა, რაც ითვალისწინებს ამომრჩევლების დაცვას ყოველგვარი ზეწოლისა და იძულებისგან, სხვა პირების ნებისმიერი უკანონო ან თვითნებური ჩარევისგან საარჩევნო პროცესში. კენჭისყრის ფარულობა უნდა იქნეს დაცული საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე”.
გარდა ამისა, მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ #25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალ #32 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცედურები მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი დარღვევებით. კერძოდ, არსებული საჩივრები არ გატარდა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ საუბნო კომისიის შესაბამისმა წევრმა არც იცოდა, რომ პრეტენზიები და საჩივრები უნდა ასახულიყო კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
„საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ასევე დაადასტურა მთელი რიგი დარღვევების არსებობა, მათ შორის დამკვირვებლების გარკვეული არასათანადო შეზღუდვები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ საარჩევნო უბანზე არსებულ “დაძაბულობას“ ადასტურებს #25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, რომლის განმარტებით, ის რამდენიმე წუთით იყო მისული უბანზე. მან სასამართლოს ვერ განუმარტა, რატომ ვერ მოხდა წარმოდგენილი საჩივრების და პრეტენზიების ასახვა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
მით უფრო, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობადა ე.წ. „ტრადიციული მეთოდით“, არაელექტრონულად და საჩივრები შეეხებოდა ფარულობის პრინციპის დარღვევას. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ #25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა დაევალოს გაატაროს დისციპლინური ღონისძიებები ცნობილი #25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი #01 და #32 საარჩევნო უბნის შესაბამისი წევრების მიმართ”.
სარჩელით საია მოითხოვდა წალკისა და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნისა და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.
გარდა ამისა, გორის რაიონულმა სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.