რუსეთი აფრთხილებს NATO-ს, რომ თუკი შვედეთი და ფინეთი ალიანსს შეუერთდებიან, ისინი ზომებს მიიღებენ. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ბალტიის რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვლება.
„ამის მერე აღარ უნდა იყოს საუბარი ბალტიის რეგიონის არაბირთვულ სტატუსზე – ბალანსი უნდა აღდგეს. აქამდე რუსეთს არ მიუღია ასეთი ზომები და არც აპირებდა“, – განაცხადა მედვედევმა.
მედვედევის თქმით, რუსეთს მოუწევს, რომ ფინეთის სიახლოვეს მნიშვნელოვნად გაზარდოს საჰაერო თავდაცვის, სახმელეთო და საზღვაო ძალების შესაძლებლობები. რადგან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრების შემდეგ, რუსეთსა და ალიანსს შორის საზღვარი ორჯერ უფრო მეტად გაიზრდება.
ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე საუბარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წამოიწყეს. მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ NATO-ს შეიძლება წელს ზაფხულშივე მიმართონ. ამ ორი ქვეყნის მიერ სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში კი, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, მათი მიღება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაშია საჭირო.
თუმცა, მედვედევი ამტკიცებს, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრებას ადრევე გეგმავდნენ და უკრაინაში ომი ამ გადაწყვეტილებასთან არაფერ შუაშია.