თუ გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ – დოლიძე

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ კი პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს, ის კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და იუსტიციის საბჭოს წევრობას დატოვებს.

„მიხარია, რომ განცხადებაში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული ჩემი 2-წლიანი საქმიანობა საბჭოში. როგორც მე არაერთხელ მანამდე განვაცხადე და, როგორც ჩანს, ეს საზოგადოების ყველა წევრამდე არ მივიდა, თუ გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას, კანონის მიხედვით, შესაბამის  გადაწყვეტილებას მივიღებ იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში. მანამდე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებ ამ საბჭოში და ვაპირებ ამ საქმის გაგრძელებას.“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ანა დოლიძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ანა დოლიძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსებამ საზოგადოების ნაწილში მოლოდინი გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

„ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ, თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ“, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.